აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი მიიღო

1-ioshkinkot-aqt3საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საუბრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების  სფეროებში საქართველო-ლატვიის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილეს.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია.