პოლიტიკა
გიორგი ჭულუხაძე: „მეორე ტური 12–დან 8 ქალაქის მერისა და 84–დან 37 გამგებლის ასარჩევად სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ჩატარდება, რაც საარჩევნო ბარიერის 50%–მდე გაზრდამ განაპირობა”

chuluxadze-pol2-analitikსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას“ თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და მეორე ტურის ჩატარებას მიესალმება.

კანდიდატების ხელმეორედ არჩევა 8 ქალაქში მოხდება. ესენია - თბილისი, თელავი, რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი, ფოთი და ბათუმი. აქედან, წინასწარი მონაცემებით, 4 ქალაქში მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო დანარჩენ 4 ქალაქში - სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საარჩევნო ბარიერის გაზრდა პირადად პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა გახლდათ, რაც ცალსახად მისასალმებელია, რამეთუ მეორე ტური უფრო მეტად გამოააშკარავებს იმ ლიდერ კანდიდატებს, რომლებიც მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. შესაბამისად, არჩევის შემდეგ, ისინი უფრო მეტი ლეგიტიმურობით ისარგებლებენ. არსებული 50% ბარიერი 30% და 40% ბარიერს ბევრად ჯობია, რადგან უფრო მეტი დემოკრატიულობის საწინდარია, თუმცა აშკარაა, რომ მეორე ტურის დანიშვნა მოსახლეობის ინერტულობამ გამოიწვია.

წინა ხელისუფლებამ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში 7 არჩევნები ჩაატარა. მათ შორის ორჯერ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. ამ პერიოდში ბარიერი არათუ აიწია, არამედ 32%-დან 30%-მდე შემცირდა 2010 წლის თბილისის მერის არჩევნების დროს“ - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე.