საზოგადოება
უგულავა: „მოვითხოვთ, ცესკომ დღეს ან ხვალ გამოაცხადოს არჩევნების მეორე ტურის თარიღი“

Ugulava-saz-3საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავს, დაასახელოს არჩევნების განმეორებითი ტურის თარიღი. აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა სპეციალურ ბრიფინგზე.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ ცესკომ უმოკლეს ვადებში დაასახელოს მეორე ტურის თარიღი. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობამ მოახდინა ზეწოლა ქალბატონ თამარ ჟვანიაზე და მთავრობის მოთხოვნა იყო 12 ივლისი, რაც ეწინააღმდეგება იმ წესებს და პროცედურებს, რომლებიც არსებობს და მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სუბიექტს შედეგები გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. მიდის ხელახალი გადათვლები და შესაბამისად, შეუძლებელია, რომ 19 ივლისამდე ცესკომ დანიშნოს განმეორებითი მეორე ტური.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, გამარჯვება უკვე ნაზეიმები აქვს და შესაბამისად ძალიან ცდილობს ამ ყველაფრის დეაქტუალიზაციას.

ვაფიქსირებთ, რომ შეუძლებელია, ეს თარიღი იყოს ან 12 ან 15 ივლისი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ცესკომ წინასწარ იცის სასამართლოების გადაწყვეტილებები და განხილვის ვადები.

დღესვე ან მაქსიმუმ ხვალ უნდა გამოცხადდეს მეორე ტურის თარიღი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება მორიგი სამწუხარო გარიგება მთავრობასა და ცესკოს ხელმძღვანელობას შორის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.