სამართალი
საქინფორმი: საქართველოში 10 წლის დავიწყებული დანაშაულობები ხდება! მინისტრო ჭიკაიძე, მიიღეთ ზომები, ან არა და სთხოვეთ პოროშენკოს, დაგითმოთ მრჩეველი სააკაშვილი!

1-aleksandr-pravo-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი.
საქინფორმის საგანგებო მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბატონო ალექსანდრე!
ჩვენი საინფორმაციო სააგენტო ყოველდღიურად აშუქებს საქართველოს შსს-ს მუშაობას, თუ როგორი მონდომებით იჭერს მკვლელებს, ნარკომანებსა და მეძავებს ჩვენი სახელოვანი პოლიცია.
შსს პერიოდულად აწვდის ჩვენს რედაქციას ყოველი ნახევარი და ერთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა მიხედვით მუდმივად იზრდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით.

ამ საგანგებო მიმართვაში საქინფორმი არ უკეთებს ანალიტიკურ შეფასებას იმ ციფრებსა და მონაცემებს, რომლებსაც დღესაც ვაქვეყნებთ და რომელთა შესახებ გასულ შაბათს ტელეკომპანია „რუსთავი-2“--ის გადაცემა „აქცენტებში“ კამათობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იზორია და ტელეწამყვანი კვესიტაძე. ფაქტია, რომ საქართველოში ისევ მასიური გახდა სააკაშვილის 10-წლიანი მმართველობის პერიოდში დავიწყებული დანაშაულობები, სახელდობრ:

- ავტომობილების დეტალების (სარკეები, საბურავები, მაგნიტოფონები) ქურდობა;

- მკვლელობები ე.წ. ქუჩური გარჩევებისას, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან;

- ბანკების, მაღაზიების, ბინებისა და ქუჩაში მოქალაქეთა პირადი ნივთების შეიარაღებული ძარცვა;

- ყველა სახის ქურდობა.

როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომი გამოუცხადა დამნაშავეთა სამყაროს, დამნაშავეთა უმრავლესობამ ძირითადად უკრაინას შეაფარა თავი. დღეს იგივე სააკაშვილი რეფორმებს ატარებს უკრაინაში, საიდანაც ქართველმა კრიმინალებმა პირი იბრუნეს საქართველოსკენ.

მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისაგან განსხვავებით საქინფორმს მუდმივი მჭიდრო კავშირი აქვს მოსახლეობასთან. სწორედ მათ შეგვატყობინეს, რომ გასულ შაბათს ქალაქის ცენტრში, ერთ პატარა უბანში მუქარის ქვეშ გაძარცვეს მაღაზიის გამყიდველი, გაქურდეს იქვე მდებარე მეორე მაღაზია და ყელიდან მოგლიჯეს ოქროს ძეწკვი კულონით ახალგაზრდა ქალს. იქვე ქუჩაში ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების გამო დაკარგა გონება ახალგაზრდა კაცმა.

მიიღეთ ზომები, ბატონო მინისტრო, და გაითვალისწინეთ, რომ დანაშაულს ძირითადად ჩადიან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ანუ, საქართველოში გაახალგაზრდავდა არა მხოლოდ პოლიტიკა და ხელისუფლება, არამედ დამნაშავეთა სამყაროც!

და ბოლოს - საპატრულო ეკიპაჟები 50 მეტრიანი ინტერვალით დგანან ცენტრალურ პროსპექტებსა და მთაწმინდის სასახლისკენ მიმავალ გზაზე, მაშინ როცა სხვა ქუჩებზე მათი დანახვა დიდ იშვიათობად იქცა...