სამართალი
თამარ ჟვანია: „მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 25-ე და 57-ე უბნების შედეგები ბათილად ცნო“

Ceskojvania-sam2საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ უკანონობებზე. 
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეომასალაზე, სადაც ასახულია, როგორ ყალბდებოდა ხმები ბიულეტენების ჩაყრით. “როგორც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კადრები გამოქვეყნა, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია შეიკრიბა და ამ ორ უბანზე დათვლილი შედეგები ბათილად ცნო“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

“გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომლის მედიასაშუალებებით გავრცელების შემდეგ მარნეულის ოლქმა, საკუთარი ინიციატივით ამ ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო და გამოსცა განკარგულება მარნეულის ორი - 25-ე და 57-ე უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ამ ორი უბნის შედეგები ბათილია”, – განმარტა ასევე ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნულ ორ უბანზე არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ვიდეო მასალა ორი დღის წინ გაავრცელა.