ნიკა მელიასთვის დაკლებული რამდენიმე ასეული ხმა მექანიკური შეცდომით იქნა განპირობებული
საქართველო, 18 ივნისი,
საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შედეგებში ნიკა მელიასთვის დაკლებული რამდენიმე ასეული ხმა მექანიკური შეცდომით იქნა განპირობებული.
“იყო მექანიკური შეცდომა. ორჯერ ერთიანი აკლდა, საბოლოო ოქმში ეს გასწორდება. ერთგან გვქონდა ძირითადი ოქმი, მას ახლდა შესწორების ოქმი, თუმცა მისი მონაცემები არ იყო შეტანილი. ახლა სწორედ მექანიკური შეცდომების გასწორება მიმდინარეობს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას შეცდომებს ადგილი აღარ ექნება”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ცესკო-ში საჩივარი შეიტანა.
"ნაცვლად, მაგალითად, 138 ხმისა, 1-იანი წაიშალა და დაწერეს - 38. ეს გადახაზული 1-იანი ცესკო-მ ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია და მის გვერდზე არის ატვირთული. ჩვენ გავასაჩივრეთ და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გარდა ამისა, დიდი კითხვის ნიშანი იბადება იმის გამო, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ბიულეტენებისა არის ბათილად ცნობილი. უმრავლესობა მათგანში მე ვიყავი შემოხაზული", - განაცხადა ნიკა მელიამ.