სამართალი
შსს: „მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მკაცრად დაისჯება ამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად!“
1-marneuli-sam2საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 2 პირი დააკავეს. 15 ივნისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანში, იარაღის მუქარით ბიულეტენები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. ასევე, დაკავებული არიან ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები. ბრალდებულები 15 ივნისს, 20:30 წუთზე 22-ე საარჩევნო უბანში შეიჭრნენ, საარჩევნო ყუთი დააზიანეს და ბიულეტენები დახიეს. ასევე, დედოფლისწყაროს რაიონში, საარჩევნო უბნებზე მომხდარ ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია სამი პირი. ორი პირი დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, ღამით, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა. მათსა და საოლქო კომისიის წევრებს შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. ბრალდებულებმა საოლქო კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მე-7 საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან! წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული 
სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისჯება.