სამართალი
„ქართული ოცნება“: “ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გამოიკვლიონ „ნაცმოძრაობის“ მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილი ვიდეოკადრები და პასუხი აგებინონ ნებისმიერ პირს, რომელიც ბრალდებული იქნება ამომრჩევლის ხმების გაყალბებაში!”

1-agent007-sam1საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. “ძალიან უცნაურია, რომ მარნეულში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პარტიული ინტერესები ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ დათმო და სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტივისტების განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდა გამოცხადებული, როგორ მოხერხდა, რომ ასე ღიად ხდებოდა ხმების გაყალბება და მათ არც ერთ წარმომადგენელს ამაზე პრეტენზია ღიად არ გამოუთქვამს. რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივებისთვის ცნობილ იმ ფაქტზე, რომ კადრებში აღბეჭდილი პიროვნება პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის ახლობელი და მეგობარია.

ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომელიც საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეული ხერხებით  განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პირადი ინტერესების გამო ეთნიკური დაძაბულობის ინსპირირებას ცდილობს.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას, მით უმეტეს ეთნიკურ ნიადაგზე რაიმე ტიპის დაძაბულობას.

ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა” - ნათქვამია, კერძოდ, კოალიციის საგანგებო განცხადებაში.