გიგა ბოკერიასა და ნუგზარ წიკლაურს ზუგდიდში თავს დაესხნენ
საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ზუგდიდში, გუშინ, გვიან ღამით, სამხარეო პოლიციის შენობის წინ ინციდენტი მოხდა - კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს: გიგა ბოკერიასა და ნუგზარ წიკლაურს დაუპირისპირდნენ. კოალიციის შტაბის წევრების განცხადებით, ოპონენტმა პარტიამ ზუგდიდის 36–ე საარჩევნო უბანზე ზონდერჯგუფი მიიყვანა, რომელიც არჩევნების გაყალბებას გეგმავდა, რისი უფლებაც მათ არ მისცეს. თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს ადამიანები დამკვირვებლები იყვნენ და მმართველმა კოალიციამ მათ მუშაობის საშუალება არ მისცა.
"მე და გიგა ბოკერია მოვედით ზუგდიდის პოლიციაში, რადგან ჩვენი მონაცემებით, იქ ჩვენი რამდენიმე დამკვირვებელი იყო დაკავებული, ადგილზე დაგვხვდა 100-კაციანი ჯგუფი, რომელთაც პოლიციაში შესვლისას ჩვენზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ“, – განაცხადა წიკალურმა.
მიკროავტობუსით მოძრავი 15-კაციანი ჯგუფი პოლიციის შენობასთან გამართული აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.