პოლიტიკა
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები: 8 თვითმმართველ ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტურია საჭირო
1-ppol-2საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის ჩათვლით, 12 თვითმმართველ ქალაქში  მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს , თუმცა 8 ქალაქში მეორე ტური უნდა გაიმართოს. 
კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა მერის არჩევნებში პირველივე ტურში 12 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ ოთხში - ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმარჯვა, დანარჩენ 8 ქალაქში, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. 
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, ”ქართული ოცნების” კანდიდატ დავით ნარმანიას თბილისში  46,27% აქვს, თელავის რაიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ ამომრჩეველთა ხმის 42,44 % მიიღო. მეორე ადგილზეა 21,7 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ალექსი ძულიაშვილი. რუსთავში – კოალიციის მერობის კანდიდატ დავით ჯიქიას ამომრჩეველთა 38,56 % აქვს, "ნაციონალების" კანდიდატ მამუკა ჩიქოვანს კი 29,3 %. მცხეთაში – კოალიციის კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ – 33,64 % მიიღო, "ნაციონალების" კანდიდატმა გურამ კინწურაშვილმა კი 1, 94 %. აღნიშნულ რაიონში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი "მწვანეთა პარტიის" კანდიდატი – დავით მაჩხანელია. 
გორში – "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ ზურაბ ჯირკველიშვილს მხარი ამომრჩეველთა 41,76 %-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ არჩილ საბიაშვილს კი – 14,41 %-მა. გორში მეორე ადგილზე "ქართული პარტიის" კანდიდატი კახაბერ ერგემლიძეა, რომელმაც – 29,77 % მიიღო. 
ახალციხეში პირველ ადგილზეა – კოალიცია "ქართული ოცნება", გიორგი კოპაძე – 60,44 %, "ნაციონალური მოძრაობა", გელა დემეტრაძე – 31,03 %; ამბროლაურში – "ქართული ოცნება" ,რატი ნამგალაძე – 82,22 %, "ნაციონალური მოძრაობა" ამირან ლომთაძე – 17,78 %, ქუთაისში – "ქართული ოცნება" შოთა მურღულია – 50,69 %, "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი თევდორაძე – 26,44 %; ოზურგეთში – "ქართული ოცნება" ბეგლარ სიორაძე – 36,29 %, "ნაციონალური მოძრაობა" ლევან გოგუაძე – 8,98 %; ზუგდიდში – "ქართული ოცნება" ირაკლი გოგოხია – 57,24 %, "ნაციონალური მოძრაობა" თეიმურაზ ბასილაია – 34 %; ფოთში "ქართული ოცნება" ირაკლი კაკულია 45,66 %, "ნაციონალური მოძრაობა" ვახტანგ დარცმელიძე – 19,36 %; ბათუმში "ქართული ოცნება" გიორგი ერმაკოვი – 46,65 %, "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი დიასამიძე – 18,3 %. 
ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ხმების დათვლის პარალელურად იცვლება.