საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია და საარჩევნო უბნები დაიხურა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით, დედაქალაქში აქტივობა 30.2 % იყო და ხმების უმრავლესობა მიიღო დავით ნარმანიამ - კოალიცია „ქართული ოცნება“ - 46.3%, ნიკა მელია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.2%, დიმიტრი ლორთქიფანიძე, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია” - 10.4%, ირმა ინაშვილი - “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 6% და კახა კუკავა - კოალიცია „არასაპარლამენტო ოპოზიცია - 2.3%.
ეგზიტპოლების ცდომილება დაახლოებით 3%-ს შეადგენს ხოლმე. თუმცა, თუ ცესკოს მონაცემებიც ასეთივე იქნა, მაშინ თბილისის მერის ასარჩევად საჭირო იქნება მეორე ტურის ჩატარება.რაც შეეხება საკრებულოს, აქ პროპორციული სიით ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“ – 47.8%-ით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 26.1% აქვს, მას მოსდევს კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია” 8.3%-ით, შემდეგ- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.8% და კოალიცია „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ – 2.3%-ით.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები შეიძლება ჩატარებულად ჩაითვალოს, რადგანაც ამისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33%-იც საკმარისია.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცესკოს 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აქტივობამ 34,64% შეადგინა.