აქტუალური
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნორლანდის განცხადებით, საარჩევნო პროცესი კარგად დაიწყო.
"ჩემს ბრიტანელ და ჰოლანდიელ კოლეგა-ელჩებთან ერთად დღეს დილას უკვე მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი. სადამკვირვებლო ჯგუფები გაგზავნილი გვყავს მთელ საქართველოში. ისინი მუდმივად გვატყობინებენ არსებული ვითარების შესახებ. ზოგადად, საარჩევნო პროცესი კარგად დაიწყო. დამკვირვებლები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ აქტივობა უკვე მაღალია, ამომრჩეველი ხმის მისაცემად მიდის და უმეტეს ადგილებში სიმშვიდეა", - აღნიშნა ნორლანდმა.ამასთან, მისივე თქმით, შემაშფოთებელია ცნობები მარტვილიდან, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა.
„ვიცით, რომ ხანდახან დასავლეთ საქართველოში ვნებები მეტისმეტად მაღალია. შესაძლოა, საამისო მიზეზიც არსებობდეს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხმა გაითვალისწინოს, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ემოცია ძალადობასა და მუქარაში არ უნდა გადაიზარდოს. ვუსურვებთ საქართველოს წარმატებულ საარჩევნო დღეს და, რა თქმა უნდა, გილოცავთ ყველას", - განაცხადა ნორლანდმა.