აქტუალური
საქინფორმი: საია-მ არსებითი ხასიათის დარღვევები დააფიქსირა

1-saia-aqt-2საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 14:00 საათის მდგომარეობით, არჩევნების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. 
საია-ს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა არსებითი ხასიათის დარღვევებიც.
10:00 საათზე, ზუგდიდის #32 უბანზე გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა - ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები. საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, რადგან კაბინები დამტვრეულია, ყუთიდან ბიულეტენები ამოყრილია და უბანზეა გაბნეული", - აცხადებენ საია-ში, რომლის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები. 
კერძოდ, მნიშველოვანი დარღვევა დაფიქსირდა კასპის N25 უბანზე: ამომრჩეველზე არ გაიცემოდა გამგებლის ასარჩევი ბიულეტენები. საია-ს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ბათილად ცნოს ყუთში აღმოჩენილი 27 ბიულეტენი;

რუსთავის 82-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა. კომისიის წევრმა 2 მაჟორიტარული ბიულეტენით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა;

ქობულეთის ჩაისუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველი არ დაუშვა უბანზე იმის გამო, რომ მას შორტი ეცვა;

ნაძალადევის ოლქის 32-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ აღნიშნეს ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო.

მარნეულის 50-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი არ ჩააგდეს ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ.

ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 44 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში 56 შენიშვნა დააფიქსირეს.