პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველო - ვდგილობრივი არჩევნები 2014 (პირველი პროგნოზები და სიტუაციის ანალიზი)

1-politiko-pol1-otred1საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომლის შედეგად არჩეული იქნებიან 12 ქალაქის მერები (მათ შორის - თბილისის მერი) და საკრებულოს დეპუტატები მაჟორიტარული და პროპორციული (პარტიული) სიებით. აქედან გამომდინარე, ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა 3 ბიულეტენი, სადაც თავიანთი საარჩევნო ნომრების გასწვრივ მითითებულია პარტიები და, შესაბამისად, მათი კანდიდატების გვარები.
საქინფორმის ჟურნალისტები საარჩევნო უბნების დაკეტვამდე მიაწვდიან მკითხველს ინფორმაციას ხმის მიცემის მიმდინარეობის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის - ცესკოს ოფიციალურ ინფორმაციას, ხოლო ადგილობრივი დროით 13 საათისთვის არსებული მდგომარეობით უკვე შესაძლებელია შემდეგი მიმოხილვითი ანალიზის გაკეთება:

1. გამოცხადება - დაბალია, განსაკუთრებით დედაქალაქში, საარჩევნო უბნებზე არსად ჩანს რიგები, 2013 წლის საპრეზიდენტო და, განსაკუთრებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით;

2. დარღვევები - საკმაოდ ბევრია, დაწყებული უბნის სრული დარბევით და დახურვით (ანაკლიაში, თბილისში - ფონიჭალაში და სხვ.), დამთავრებული ხმის მიცემის პროცედურის დარღვევებით (აგიტაცია საარჩევნო უბნებთან, რამდენიმე ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობები და სხვ.);

3. სიები - სასურველია, უკეთესი ყოფილიყო, რადგან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ისინი არ დაზუსტებულა და ხმის მიცემა ჯერ კიდევ ექსმმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შედგენილი სიებით მიმდინარეობს. ძირითადი ნაკლოვანებები - სიებში ბევრი რეალური ამომრჩევლის არარსებობა და, ამავე დროს, სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირებული ე.წ. მკვდარი სულები;

4. პროგნოზები - დიამეტრულად ურთიერთსაპირისპირო, რადგან თითოეული საარჩევნო სუბიექტი დარწმუნებულია (წინასწარ აცხადებს) თავის უპირობო გამარჯვებაში. მაგალითად, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” აბსოლუტურად გამორიცხავს მეორე ტურს და ხმათა 65%-ზე მეტის მიღების ამბიცია აქვს, ექსმმართველ “ნაცმოძრაობასაც” გამარჯვების იმედი აქვს, ხოლო ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, “მინიმუმ”, მეორე ტურის შესახებ აკეთებენ განცხადებებს, “თუკი მმართველი “ქართული ოცნება” შედეგებს არ გააყალბებს”;

5. ძალთა ბალანსი - მმართველი “ქართული ოცნება” შესაძლებელია დამარცხდეს აზერბაიჯანელების კომპაქტური დასახლების რეგიონ ქვემო ქართლის დასახლებული პუნქტების უმრავლესობაში (მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი); სომხების კომპაქტური დასახლების რეგიონში სამცხე-ჯავახეთში სიტუაცია ერთმნიშვნელოვანი არ არის (მაგალითად, მოიგებს ნინოწმინდაში და პრობლემებს წააწყდება ახალქალაქში); განსაკუთრებით პრობლემურად რჩება “ქართული ოცნებისთვის” სამეგრელო (ზუგდიდი, ანაკლია, სენაკი); რაც შეეხება დედაქალაქს - ელექტორატისთვის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები თბილისის საბურთალოს, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებში უპირისპირდებიან გაცილებით უფრო ძლიერ და გამოცდილ კანდიდატებს ოპოზიციიდან, მათ შორის - “ნაციონალური მოძრაობიდან”.