შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი ამოიღო
საქართველო, 13 ივნისი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნიგერიის 3 მოქალაქე:
ეჰის ტრეისი ო, უგოჰ ნზეჩი ბ, ეკეჰ ვალენტინ ჩ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის წაქეზების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე
ოქსანა ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ნიგერიის მოქალაქეებმა ოქსანა ბ-ს თურქეთში გასატანად ნარკოტიკული საშუალება გადასცეს. რამდენიმე დღის შემდეგ დატოვებული ნარკოტიკული საშუალების საფასური ან ნარკოტიკის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ნიგერიის მოქალაქეებმა ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ოქსანა ბ-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
სამართალდამცველებმა ოქსანა ბ-ს ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება - 158,3277 გრ კოკაინი. უგოჰ ნზეჩი ბ-ს პირადი ჩხრეკისას – 4,5911 გრ, ხოლო ეკეჰ ვალენტინ ჩ-ს პირადი ჩხრეკისას 5,0521 გრ კოკაინი ამოიღეს.