პუბლიკაციები
კოჰაბიტაცია გრძელდება - მარნეულში „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ორი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა! “ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გაერთიანებას იწყებენ?!

1-kandidati-pol2საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება
“კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ იმსჯელა და, მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.
ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი,  მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს  თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს  და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი.

აქამდე ყველა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამას აყენებდა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლა, რაც ხელს უწყობდა ქვეყანაში, საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას.

იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები,  საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმნით პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლება თვითონ ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ”.

საქინფორმი: გვიან საღამოს ”ქართული ოცნების” მარნეულის გამგებლობის კანდიდატის მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები თბილისში პარტიის ცენტრალურ ოფისთან  შეიკრიბნენ. ისინი კოალიციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 2 დღით ადრე პარტიამ მარნეულში მერაბ თოფჩიშვილის კანდიდატურა მოხსნა. ამას თვითონ თოფჩიშვილიც აპროტესტებდა და ”ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტულად ვისთან აწარმოებს ის მოლაპრაკებას, უცნობია.

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცსკ-მ უარი თქვა თოფჩიშვილის კანდიდატურის მოხსნაზე, რადგანაც ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია და მისი გვარის ამოშლა შეუძლებელია.

საქინფორმი არ გამორიცხავ, რომ სხვაგანაც, არაქართველი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში - ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში - გაიმარჯვოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელაც იქ ადგილობრივი არაქართველების კანდიდატურები წარადგინა, „ქარული ოცნებისგან“ განსხვავებით. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდება მმართველი და ექსმმართველი პარტიების ფარული ალიანსი - „კოჰაბიტაცია“.