საგანგაშოა, როცა ევროპის ერთ-ერთი სასამართლო, 1 ოქტომბრის არჩევნებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც, ასეთ დასკვნას აკეთებს. გვინდა დავიჯეროთ, რომ სამართლიანობის აღდგენა ახალი ხელისუფლების პრიორიტეტია, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. 2012 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიტანე ავთო(ჭუტა) წერეთლის წინააღმდეგ, რომლის კაბინეტშიც ბრტყელტუჩათი არაადამიანურად მაწამეს. ამის მიზეზი წერეთლის მხრიდან ჩემი ბიზნესის ხელში ჩაგდების სურვილი იყო. პარალელურად, მასთან გარიგებაში მყოფმა მაშინდელი ფინანსური სამსახურის მესვეურებმა დევნა დამიწყეს, რის გამოც იძულებული გავხდი, თავი ჩეხეთისთვის შემეფარებინა.
მეხუთე წელია, ჩემი ოჯახის ტანჯვა გრძელდება. საქართველოს პროკურატურა კი იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ გამოიძიოს ჩემი წამებისა და დევნის საქმე, წერეთლის შეკვეთით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე ჯიუტად ითხოვს ჩემს ექსტრადირებას. უფრო მეტიც, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ბიზნესმენი ირაკლი ბოჭორიძე ჭუტა წერეთლის განცხადების საფუძველზე დააპატიმრეს და 4 წელი მიუსაჯეს. ეს მაშინ, როცა ჩემი სარჩელი 2 წელია თაროზე დევს და გამოძიებას ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, დავეკითხე . ეს ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ ჭუტა წერეთლის კავშირებსა და გავლენებს პროკურატურასა და სასამართლოში ცვლილებები არ შეხებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩემი წამებისა და დანაშაულებრივი დევნის ფაქტები და პასუხისგებაში მისცენ კრიმინალური გარჩევებისა და დევნის ავტორები- ჭუტა წერეთელი და მისი ხელშემწყობები.
მინდია ქაშიბაძე
პრაღა, 11 ივნისი 2014 წელი