პოლიტიკა
NDI-მ საქართველოში ადგილობრივი არჩევნების წინ შუალედური ანგარიში წარმოადგინა
1-NDI-Pol2საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის ნაციონალ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წარმოადგინა შუალედური ანგარიში საქართველოში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შესახებ. ანგარიშში დაფიქსირებულია წინასაარჩევნო სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. კერძოდ, აღნიშნულია საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების გაუმჯობესება და პოზიტიური ცვლილებები საარჩევნო პროცესებში ქალების მონაწილეობის კუთხით. ამავე დროს, გამოთქმულია შეშფოთება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ძალადობის გამო. ამასთან, NDI ეყრდნობა მედიისა და საარჩევნო პროცესების ზოგიერთი მონაწილის ინფორმაციებს.
„ბოლო პერიოდში გახმოვანებულმა ბრალდებებმა  რეგისტრირებულ კანდიდატებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და ზეწოლის შესახებ ჩრდილი მიაყენა საარჩევნო კამპანიას, რომლის მშვიდობიან გარემოში ჩატარების დაპირება პოლიტიკურმა ლიდერებმა გასცეს“, - ასკვნის ამერიკული ორგანიზაცია.
ანგარიშის თანახმად, მედია გარემო უზრუნველყოფს ამომრჩევლებისათვის მოსალოდნელი არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიწოდებას, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საარჩევნო კამპანიას დაბალანსებულად და გამჭვირვალედ აშუქებენ. თუმცა ბოლო თვეში დამკვირვებლებს შეკითხვები გაუჩნდათ მედია გარემოსთან დაკავშირებით.
პირველი კითხვა გაჩნდა ქართული არასამთავრობოების მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების შემდეგ, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელებისათვის მასმედიის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაუშვებლობას ეხებოდა (ლაპარაკია იმ ჩანაწერებზე, რომლებიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა). მეორე შეკითხვა კი ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტთან დაკავშირებით გაჩნდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიკერძოებაში დაადანაშაულა.
NDI-ს შეკითხვები გაუჩნდა საქართველოს პრემიერ მინისტრთანაც, რომელმაც ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ დაუშვებს არჩევნებში სხვა პარტიის გამარჯვებას.
ამერიკული ორგანიზაციის შეფასებით, ამ განცხადებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა არჩევნების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ანალოგიურ გამოწვევად იქცა ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამო გამასწორებელი სამუშაოები უნდა მიესაჯოთ. NDI-ს შეფასებით, ეს განცხადებაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების მიუკერძოებლობას.
ანგარიში მოიცავს 18 მარტიდან 6 ივნისამდე პერიოდს.