სამართალი
2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება და შეადგენს მაქსიმუმ 700 სამხედრო მოსამსახურეს

1-kontigernt-samart-2საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, საბჭომ ასევე იმსჯელა 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ქართული შეიარაღებული კონტინგენტის განახევრების საკითხზე.

"ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ამას ესაჭიროება სათანადო პროცედურები. ამ საკითხში აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, უშიშროების საბჭო და პარლამენტი. თუმცა არსებობს გეგმა, მონახაზი, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება და შეადგენს მაქსიმუმ 700 სამხედრო მოსამსახურეს", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.