აქტუალური
არჩევნებში სამხრეთ ოსეთის ყველაზე დიდმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მიღწევას ეცდება

1-partia-akt-2საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთში არჩევნებში გამარჯვება “ერთიანმა ოსეთმა” მოიპოვა, რომელსაც რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობს - მას ხმა ამომრჩეველთა 43.1%-მა მისცა. პარლამენტში ისინი 34-დან 20 ადგილს დაიკავებენ. სულ პარლამენტში 4 პარტია იქნება წარმოდგენილი: “ერთიანი ოსეთი”, “ხალხის ერთობა” (13.21%, 6 ადგილი), სახალხო პარტია (9.08%, 4 ადგილი) და “ნიხასი” (7.47%, 4 ადგილი).

დანარჩენმა 5-მა პარტიამ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. უკვე დათვლილია საუბნო საარჩევნო კომისიების ბიულეტენეის 100%. სულ ამომრჩეველთა გამოცხადებამ 64.14% შეადგინა.

“ერთიანი ოსეთის” პროგრამაში ნათქვამია, რომ პარტია აპირებს, “ოსეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მრავალეროვანი რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანებას მიაღწიოს”. ამასთან, მას პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი აქვს.

პროგრამა მინიმუმი გულისხმობს ფორმულას “ორი ქვეყანა - ერთი ოსეთი”, რომელიც ნიშნავს “სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთი ალანიას მაქსიმალურ ინტეგრაციას ორი სახელმწიფოს - რუსეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფორმატში”.

პროგრამა მაქსიმუმი გახლავთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთის შემადგენლობაში, რისთვისაც “ერთიანმა ოსეთმა” უკვე შეიმუშავა საგზაო რუკა - 5 თანმიმდევრული ნაბიჯი რუსეთში შესასვლელად.

პირველი 2 ნაბიჯი მოიცავს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ინიცირებას და ჩატარებას. შემდეგ იგეგმება სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვის მომზადება რფ-ის პრეზიდენტის, მთავრობის და ფედერაციის საბჭოსადმი, რუსეთის შემადგენლობაში რესპუბლიკის შესვლის საკითხის განხილვის თხოვნით. შემდეგ პარტიას სურს შექმნას გარდამავალი პერიოდის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფი, ხოლო დასასრულ - მიიღოს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია და რფ-ის კანონმდებლობაზე გადავიდეს.