აქტუალური
საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლად ავთანდილ გარცკია დაინიშნა, ხოლო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად - ასტამურ ტანია. შესაბამის ბრძანებულებებს ხელი მოაწერა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.
ავთანდილ გარცკიას მანამდე სახელისუფლო სტრუქტურებში არ უმუშავია. ის - აფხაზეთის გმირია, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანი.
ასტამურ ტანია - პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ყოფილი თანაშემწე. ბოლო დრომდე მუშაობდა არძინბას ფონდში, რომელიც პოლიტიკური მოღვაწის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა, - გადმოსცემს “იტარ-ტასი”.
როგორც ადრე იუწყებოდა საქინფორმი, უშიშროების საბჭოს წინა მდივანმა ნუგზარ აშუბამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან კუბრავამ 4 ივნისს გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს. მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ისინი შესაძლებლად არ მიიჩნევენ მუშაობის გაგრძელებას “სიტუაციაში, როდესაც გრძელდება ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც დროებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, და ამან შესაძლოა დაპირისპირების ახალი ტალღა წარმოშვას”.