საზოგადოება
“საზოგადოებრივ მაუწყებელში” – ბარდაკია?! “საქინფორმი” თბილისის მერობის კანდიდატებს შეკითხვებს თვითონ უსვამს!

1-bardak-obS-2საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. პატივცემულო თბილისელებო! გასულ კვირას “საქინფორმს” ერთი ამბიციური არსება დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ვინაობა არ დაასახელა და თქვა, რომ 1 არხს - “საზოგადოებრივ ტელერადიომაუწყებელს” წარმოადგენს. “აქამდე რატომ არ გამოგვიგზავნეთ შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებისთვის, რომლებთანაც შეხვედრას 9 ივნისს ვატარებთ?!” - გვიტევდა ტელეფონით აგრესიული უცნობი ქალი და ჩვენი პასუხის შემდეგ, რომ ამასთან დაკავშირებით მათგან არანაირი წერილი არ მიგვიღია და ამის შესახებ პირველად გვესმის, დამცინავად, თანაც - ზედიზედ რამდენჯერმე, ჩაგვეკითხა: “და ამაში ნამდვილად დარწმუნებული ხართ?!”.

საქინფორმს არასოდეს ჰქონია ილუზიები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომელთა პროფესიონალიზმთან დაკავშირებით - მის არარსებობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ამ პიროვნებამ სხვა რედაქციაში დაგვირეკა, თუმცა საქინფორმის საიტზე ჩვენი ტელეფონი და e-mail მითითებულია.

ზემოთქმულთან დაკავშირებით, “საქინფორმი” დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შეკითხვებს თვითონ უსვამს: 

1. თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს საქართველოში თავისუფალი საარჩევნო გარემო და აქვს თუ არა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი პირობები საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის?

2. რა თანხა დახარჯა თქვენმა პოლიტიკურმა სუბიექტმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და რა თანხა დაიხარჯა პირადად თქვენს საარჩევნო კამპანიაზე (რეკლამების ჩათვლით)?

3. მიგაჩნიათ თუ არა, რომ თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურაა და ექნება თუ არა მას პოლიტიკური ნება, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით?

4. თბილისში გამალებული მშენებლობები მიმდინარეობს, რომლებიც ყოველგვარი ნორმატივების დაცვის გარეშე და უხარისხო მასალების გამოყენებით, ხშირ შემთხვევაში გამწვანების ზონაში ხორციელდება. თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ მოახერხებთ ამ პროცესის გაკონტროლებას და მშენებლობის საკითხის ევროპულ სტანდარტებში მოქცევას?

5. კომპანია „სითი პარკი“, რომელსაც თბილისელი მძღოლები ყოველთვიურად არცთუ ისე მცირე თანხას უხდიან, ნაკისრი მოვალეობებიდან მხოლოდ ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ფუნქციას ასრულებს ზედმიწევნით კარგად. რეალურად კი ქალაქში ავტოსადგომებზე ადგილი არასოდეს არის, ხოლო პარკირების ადგილებზე კვლავ ე.წ „სტაიანშჩიკები“ 50 თეთრიდან - 3 ლარამდე თანხას ითხოვენ მძღოლებისგან. თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ მოაწესრიგებთ აღნიშნულ პრობლემას?

6. როგორც ცნობილია, 2015 წლიდან ქვეყანაში არსებული ყველა ავტომობილი   ტექდათვალიერებას გაივლის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილების 90% (თუ მეტს არა) არ გააჩნია ქარხნული კატალიზატორი. ჩვენი ინფორმაციით, თუ ამ დეტალს ევროპიდან გამოვიწერთ, მისი ფასი 400 ევროდან იწყება. არსებობს აგრეთვე ინფორმაცია, რომ აღნიშნული კატალიზატორების შეძენა მოხდება ერთი კონკრეტული თურქული ფირმიდან და მათი ღირებულებაც 400 ლარი იქნება. ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პროცესი სახელმწიფო კორუფციის ნიშნებს შეიცავს?

7. ბოლო დროს თბილისის თითქმის ყველა უბანში გახშირდა ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების შეწყვეტის ფაქტები, რაც საზოგადოებაში დიდ გაღიზიანებას იწვევს. “თელასი” და “წყალკანალი” რეალურად კერძო კომპანიებია, რომლებიც ხშირად მომხმარებლების უფლებებს არღვევენ. თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ გააკონტროლებთ აღნიშნული კომპანიების მუშაობას?

8. თბილისის ძველი უბნები, სადაც საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, საჭიროებს უსწრაფეს რეაბილიტაციას ან დანგრევას და ახალი საცხოვრებლის აშენებას, თუმცა ვერცერთმა ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტისთვის თანხა ვერ გამოყო . თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას?

9. როგორც ცნობილია, “თბილისის მიკროავტობუსმა”, რომელიც ქალაქში მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფს, თავის დროზე ტენდერში უკანონოდ „გაიმარჯვა” - დაირღვა უამრავი მძღოლის და კერძო მეწარმის უფლებები. თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში გადაიხედება თუ არა ყველა იმ ტენდერის შედეგები, რომლებიც ასეთი უკანონო გზით იყო მოპოვებული?

10. როგორც ცნობიალია, თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე პირების ხელფასები და პრემიები საკმაოდ მაღალია, ასევე ძალიან დიდი თანხები იხარჯება ავტოპარკების განახლებასა და საზღვარგარეთ მივლინებებზე მაშინ, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ინტერნეტ მოწოდებებით აგროვებენ შვილების სამკურნალო ფულს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მერად არჩევის შემთხვევაში, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რა ღონისძიებებს გაატარებთ იმისათვის, რომ მოქალაქეები ასეთ უთანასწორო ვთარებაში არ იმყოფებოდნენ?