აქტუალური
ფანჯიკიძე: "გზა დაგილოცე!" - დღეს ქართველი ჯარისკაცები ახალ ომში - ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრნენ

fanCi-akt-1საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ასეული ცენტრალურ აფრიკაში დღეს გაემგზავრება და დღესვე მათი გაცილების ცერემონიაც გაიმართება. ქართველი სამხედროები იქ ექვსთვიანი სამშვიდობო მისიით იმსახურებენ. ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიას ევროკავშირი გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს.

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის თხოვნით თებერვალში მიმართა.

„საქართველო, როგორც ევროკავშირის და ნატოს მომავალი წევრი ქვეყანა, თავს ვალდებულად გრძნობს, რომ ევროკავშირს მოკავშირედ დაუდგეს მხარში იქ, სადაც ეს საჭიროა. ქვედანაყოფი, რომელიც მიემგზავრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არის ქვედანაყოფი, რომელსაც გამოვლილი აქვს ავღანეთის გამოცდილება. ამ ვაჟკაცებმა ძალზე წარმატებით შეასრულეს თავისი მისია ჰელმანდის პროვინციაში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა.

„ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა, რადგან აქაც მიგვაჩნია, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მხოლოდ მომხმარებელი საერთაშორისო უსაფრთხოების, არამედ უნდა იყოს თავისი წვლილის შემტანიც. ამავე კონტექსტში განვიხილავ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარისკაცების გამგზავრებას. მინდა მათ გზა დავულოცო და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა, თავის მხრივ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ.