საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. haqqin.az-ის რედაქციას დაუკავშირდა მილი მეჯლისის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მეჰმან გაიბოვი და კატეგორიული ფორმით უარყო რუსეთის სააგენტო “იტარ-ტასის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი უკრაინის საკითხში რუსეთის პოზიციის მხარდაჭერას დაჰპირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაზე უნდა დაისვას უკრაინის მიმართ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის დაგმობის და, კერძოდ, ყირიმის ანექსიის საკითხები.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაზე, რომელიც ბაქოში გაიმართება, უკრაინის საკითხში რფ-ის დელეგაციას მხარდაჭერას დაჰპირდა. ამის შესახებ ასადოვმა სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან შეხვედრისას განაცხადა, - იუწყება “იტარ-ტასი”.
“ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჩვენ გვესმის რუსეთის მისწრაფებები, ვხედავთ ამ ყველაფერს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ეუთოშიც ერთი პლატფორმით უნდა გამოვიდეთ”, - თქვა მან. ასადოვმა ხაზი გაუსვა, რომ “აზერბაიჯანი უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას”.
თავის მხრივ, ნარიშკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანსა და რფ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში. “დარწმუნებული ვარ, რომ ამაში პარლამენტარებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა. ჩვენ ამისათვის ყველა შესაძლებლობა და პარლამენტთაშორისი ურთიერთქმედების ყველა ინსტრუმენტი გვაქვს”, - მოჰყავს სპიკერის სიტყვები “იტარ-ტასს”.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ივნისის ბოლოს ბაქოში გაიმართება. რფ-ის დელეგაციას სერგეი ნარიშკინი უხელმძღვანელებს.