საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 4 ივნისს, გაიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია „ექსპო-ჯორჯიაში“, რომელმაც სამ საათზე მეტხანს გასტანა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიციური ძალა სუსტდება და მისი რეიტინგი იკლებს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” შესაძლოა, პოლიტიკური რადარიდან გაქრეს.“მე არ აღვიქვამ "ნაციონალურ მოძრაობას" ოპონენტებად, იმიტომ, რომ მათი რეიტინგი დღითი დღე ეშვება, სად არიან, თვითონაც არ იციან, რადარიდან ქრებიან. ეს ავტომატურად ხდება, ამაში ჩვენ წვლილი არ მიგვიძღვის. ეს არის შედეგი იმისა, რაც დათესეს წლების განმავლობაში. რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა არის სოლიდური, სამწუხაროდ, ასეთი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს რეალურად ძლიერი, ობიექტური, კონსტრუქციული ოპოზიცია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, "ქართული ოცნება" უალტერნატივო ძალაა და ხუთი თავით მაღლა დგას ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე, „მით უმეტეს, “ნაციონალურ მოძრაობაზე".