სამართალი
რუსულენოვანი ბანერები სოფელ კირნათში: „რუსეთო, დაგვეხმარე, თურქეთი გვართმევს ტერიტორიებს!“

kirnatiსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ თურქმა მესაზღვრეებმა კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთებში მუშაობის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს საზღვარმა რამდენიმე მეტრით გადმოიწია.

კირნათის თემის დეპუტატ ნადიმ მიგმანიძის განმარტებით, საზღვარზე გაუგებრობა მართლაც არსებობს, რადგან ჭოროხმა კალაპოტი თურქეთში მშენებარე კაშხლების გამო შეიცვალა და სავარგულები მდინარის მეორე მხარეს აღმოჩნდა, საზღვარი კი წლების განმავლობაში სწორედ ამ მდინარით იყო გავლებული.

ადგილობრივი მოსახლეების განცხადებით, იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი დახმარება  ვერ მიიღეს, სოფელში გამოჩნდა რუსულწარწერიანი ბანერები.

„მთავრობა ყურადღებას არ  გვაქცევდა და რადგან სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ, სოფელში გაკეთდა რუსულწარწერიანი ბანერები - „რუსეთო, დაგვეხმარე, თურქეთი  გვართმევს ტერიტორიებს“. მერე რუსეთის დროშებიც  გაკეთდა, ღამით ხსნიდნენ, ამას ადგილობრივი გამგებელი აკეთებდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.