„ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქ. გიორგი ღონიაშვილი.
ღონიაშვილისათვის ცნობილი იყო რა, რომ შპს „გუდაური სქაი რესორტის“ მფლობელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია „BROOKTRADE“, შესთავაზა მას წინასარჩევნოდ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დ. კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხები ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა კომპანია „BROOKTRADE“-ში, საიდანაც უკვე, ასევე ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, ჩამოირიცხებოდა საქართველოში.
ოფშორულ ზონაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუძულებზე რეგისტრირებულ დავით კეზერაშვილის კომპანია „EXIMUS HOLDING“-სა და ოფშორულ კომპანია „BROOKTRADE“-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება, რომლის საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 500 000 აშშ დოლარით.
სწორედ აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „EXIMUS HOLDING“-იდან კომპანია „BROOKTRADE“-ის ანგარიშზე გადაირიცხა საერთო ჯამში 760 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის გამოყენებით ჩამოირიცხა საქართველოში და გადაცემული იქნა გიორგი ღონიაშვილზე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.
მორიგი თანხის ჩამორიცხვისა და კონვერტაციის დასრულების შემდეგ დაკავებული იქნა გ. ღონიაშვილი, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 160 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ლარებში”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.