უცხოეთი
ბარაქ ობამა აღმოსავლეთ ევროპის დაცვის პირობას დებს

baraqსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ოთხდღიან ევროპულ ტურნეს იწყებს. მისი მთავარი თემა უკრაინაში არსებული სიტუაცია იქნება. თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ კრიზისის პიკმა უკვე გადაიარა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების გადადება შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ბარაქ ობამა იმედოვნებს, რომ შეძლებს, ევროპელი მოკავშირეები რუსეთის იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებაზე დაითანხმოს.

აშშ-ის პრეზიდენტის პროგრამის კომენტირებისას მისი ადმინისტრაციის წევრებმა ვერ გასცეს პასუხი კითხვას, ტურნეს ფარგლებში გაიმართება თუ არა ბარაქ ობამასა და ვლდიმერ პუტინის შეხვედრა. 6 ივნისს ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ცერემონიაში, რომელიც ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასმის 70 წლისთავს ეძღვნება. ობამას ოფიციალურ გრაფიკში რუსეთის ლიდერთან შეხვედრა დანიშნული არ არის, თუმცა თეთრ სახლში არ გამორიცხეს, რომ პრეზიდენტებს მოკლე საუბარი მაინც ექნებათ.

დღეს ობამამ თავისი ევროპული ტურნე პოლონეთში ვიზიტით დაიწყო. პოლონეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში ობამა უკრაინის მომავალ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს შეხვდება.

პოლონეთი იმედოვნებს, რომ აშშ, როგორც ნატოს ლიდერი ქვეყანა, დაადასტურებს თავისი პარტნიორების უსაფრთხოებას. ობამას ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან უფრო მეტი სამხედრო უნდა იყოს განლაგებული.

4-5 ივნისს ობამა მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სამიტში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. სამიტის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის ფონზე რუსეთთან ურთიერთობაა.