საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. თქვენთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში. განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაში გამოიხატება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ ბიზნესმენებს ბერლინში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მიმზიდველი, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაა.“ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა, ეფექტიანი ფინანსური სისტემები, სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე.
„დღეს საქართველოს გავლით პროდუქციის ტრანსპორტირება ევროპასა და აზიას შორის საოცრად მარტივი და იაფფასიანია”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეები 13 ივლისს თბილისში, საქართველო-ევროკავშირის ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია.