საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ნატოს მომავალი სამიტის თემა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება არ იქნება - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ანგელა მერკელის თქმით, საქართველო კარგი პარტნიორია და ამის გამოსახატავად MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს."მე არ მგონია საერთოდ, რომ ნატოს რაიმე გადაწყვეტილებას რუსეთი მიიღებს, როგორც მწვანე შუქს დამატებითი აგრესიისთვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის უფრო ინტენსიური ნორმალიზაცია მხარდაჭერის ღირსია. MAP-ის საკითხი ნატოს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში, ასევე ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ამიტომ, ნატოს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატავად”, - განაცხადა მერკელმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გერმანია ნატოს იმ წევრებს შორის იყო, რომლებიც 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების წინააღმდეგი იყვნენ.