უცხოეთი
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ალექსანდრე ანქვაბი გადადგა

1-aleksandr-ucx-1საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. 2011 წლიდან აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გუშინ საღამოს, მისი ვადამდელი გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმების უარყოფიდან რამდენიმე საათში გადადგა. პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ცნობა მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. თავად ანქვაბი რამდენიმე დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტი გუდაუთაში რუსეთის ბაზაზე იმყოფებოდა თავდასხმის საფრთხის გამო. 2005 წლიდან მასზე 6 თავდასხმა განხორციელდა.

თავისი გადაწყვეტილების მოტივად ანქვაბმა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა. მან აფხაზეთის ყველა მცხოვრებს სამოქალაქო მშვიდობისა და ახალი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა ჯერ კიდევ შაბათს, ანქვაბის გადადგომამდე მიიღო, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბა დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა აფხაზეთის პარლამენტის 35 დეპუტატიდან 24-მა. პროპრეზიდენტული ფრაქცია „ამცახარას“ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ანქვაბს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს. ბგანბას განცხადებით, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.