სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა

1-Congress-samart-2საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. 2014 წლის 2-5 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი ტარდება, რომელიც საქართველოში პირველად იმართება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.

კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივაც არის ქვეყნის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერი, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აჰმეტ უზუმჩუ და კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი სტეფ სტინსტრა.

კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის პირადი შემადგენლობის ერთობლივი ვარჯიშის ჩატარება რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

კონგრესზე ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ. შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოში აშშ-ის ელჩი მოაწერენ ხელს.