საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ახალაიას ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2014 წლის 29 მაისს საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატრას პროკურატურას დაევალა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა.
ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დავით ახალაიას მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. გირაოს თანხად განისაზღვრა 100 000 ევრო. გარდა ამისა, დავით ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება, კვირაში ერთხელ გამოცხადდეს შესაბამის პოლიციის ორგანოში, სანამ საბერძნეთის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დავით ახალაიას ექსტრადიციის შესახებ.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ დავით ახალაიას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის რესპუბლიკის პატრას სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ექსტრადიციის საკითხის განხილვა გაგრძელდება საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. ზუგდიდში დათა ახალაიას გათავისუფლება მანქანების კოლონის მსვლელობითა და სიგნალებით აღნიშნეს მისმა მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა. მსვლელობას ინციდენტი არ მოჰყოლია.