საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბაჩო ახალაიასთვის წარდგენილ ბრალდებაზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მომდევნო პროცესი 6 ივნისს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება პროკურორის განცხადებას მოჰყვა, რომელიც შალვა თავთუხაშვილს ეხებოდა. გადაწყდა, რომ ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
„შუამდგომლობა, რასაც ჩვენ სასამართლოში წარვადგენთ, ეს იქნება საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ მოსამსართლეს აქვს ყველა მტკიცებულებითი საფუძველი იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს დაუბრკოლებლად“, - განაცხადა ბრალდების მხარემ.ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით კი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ „არსებითად მოხდეს საქმის განხილვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვშუამდგომლობთ დევნის შეწყვეტაზე და იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას“.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წელს ნავთლუღის ბაზრის მიმდენარე ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები არიან გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა, ბაჩო ახალაია. კიდევ ორი ბრალდებული - მეგის ქარდავა და დათა ახალაია პროცესს არ ესწრებიან.
დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება „გრინსერვისის“ საქმეზეც, რომელზეც ბრალი წაყენებული აქვთ ძველი თბილისის რაიონის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძეს და მის ყოფილ მოადგილე კობა ხარშილაძეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი კომპანია „გრინსერვისის“ დამფუძნებლებიც იყვნენ და იმ სატენდერო კომისიის წარმომადგენლებიც, რომელიც უპირატესობას სწორედ გრინსერვისს ანიჭებდა და ის რაიონის გამწვანებისთვის ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა ტენდერში იმარჯვებდა.