აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი მიიღო
1-minob-akt-3საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო-ტექნიკური თუ ინდუსტრიული თვალსაზრისით. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, ასევე წვრთნების ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ურთიერთობის თემა აქტიურად განიხილებოდა „თბილისის სამიტი 2014“-ის ფარგლებში. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მას აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ერთად ქართული მხრიდან ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და ივანე მაჭავარიანი - პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.