აქტუალური
ირაკლი ალასანია ზაკირ ჰასანოვს შეხვდა

1-zakim-akt-2საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო  საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, ასევე ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.

აზერბაიჯანი არის საქართველოს არა მხოლოდ ისტორიული მეზობელი, არამედ დღეს ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში...

დღეს, საქართველოს და აზერბაიჯანის მინისტრები გიდასტურებთ, რომ ჩვენ გავაღრმავებთ ყოვლისმომცველ ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ზაკირ ჰასანოვმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: საერთაშორისო არენაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას...

ჩემმა მეგობარმა, ძმამ, ბატონმა ალასანიამ ძალიან კარგად აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, თურქეთს და საქართველოს საკმაოდ კარგი სამმხრივი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ძლიერად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, ეს სიკეთეს მოუტანს სამივე ქვეყანას.“