სამართალი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წუხელ, 29 მაისს გარდაბანში მომხდარი მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირების გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომლის თქმითაც, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ ახალგაზრდებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიზიკურად პოლიტიკური ნიშნით დაუპირისპირდნენ.
„ეს თავდასხმა აშკარად ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს... გუშინ ჩვენ უხვად ვიხილეთ პოლიტიკურთან ერთად ეთნიკური შეურაცხმყოფელი ტერმინებიც. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ეს საქმე უსწრაფესად იქნეს გამოძიებული", - განაცხადა უგულავამ.
"ჩხუბი მოხდა შელაპარაკების ნიადაგზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს გახლავთ ხულიგნობა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის, არც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირვებია ვინმეს", - აცხადებენ შსს-ში.