პოლიტიკა
“საქართველოს ქვეშევრდომთა ახალი თავგადასავლები”

1-portal-pol-1საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! სანამ შემოგთავაზებთ მასალას, რომელიც სამხრეთ რეგიონის ახალი ამბების პორტალმა გამოაქვეყნა, საქინფორმის რედაქცია აუცილებლად მიიჩნევს, შემდეგი განაცხადოს:

საიდუმლო არ არის, რომ ხელისუფლებაში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსვლის შედეგად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავების შემდეგ, განსაკუთრებით კი - 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა სააკაშვილის სამხედრო დანაშაულის გამო ის საერთოდ გაწყდა, საქართველოდან წასულთა და რუსეთში დამკვიდრებულთა გარკვეულმა ჯგუფმა ამ უბედურებაზე დიდი ბიზნესი გააკეთა. შეიქმნეს რა მოსკოვში სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლების და პოლიტდევნილების იმიჯი, სარგებლობდნენ რა ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის არაკომპეტენტურობით და, ცოდვა გამხელილი ჯობს, კორუმპირებულობით, კომბინატორებმა საქართველოდან სერიოზული პოზიციები დაიკავეს კრიმინალურ ბიზნესში და სახელისუფლო სტრუქტურებშიც კი.

ენჯეოშნიკების - სხვადასხვა, მხოლოდ ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების - კონგრესების, ასამბლეების, ფონდებისა და კავშირების პრეზიდენტების - სტატუსი არა მარტო მათი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის საფარველად მსახურობდა, არამედ პარალელურად სოლიდური დამატებითი შემოსავალიც მოჰქონდა რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან მიზნობრივი გრანტების სახით “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენისათვის” სხვადასხვა - ჰუმანიტარულ, კულტურულ - სფეროში, ე.წ. სახალხო დიპლომატიის მეთოდებით.

თუმცა კომბინატორები სწორედ საპირისპიროს აკეთებდნენ, ისინი ხომ სასიცოცხლოდ არდაინტერესებული იყვნენ საქართველოსა და რუსეთს შორის ხიდის აღდგენაში, რადგან ამ შემთხვევაში კარგავდნენ თავის ნიშას, საფარველს, ფულს და, შესაძლოა - თავისუფლებასაც კი, ვინაიდან მათი მაქინაციები სამართალდამცავი სტრუქტურების ყურადღების ობიექტი გახდებოდა. და რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდებოდა განხეთქილება მოსკოვსა და თბილისს შორის, რაც უფრო გაჭიანურდებოდა “ხიდის” მშენებლობა - ისინი მით მეტ ხანს ისარგებლებდნენ ნაპირიდან ნაპირზე “ბაგირებით” გადასვლის და “ნისკარტით” ნადავლის წაღების  ექსკლუზიურ უფლებას.

თუმცა დღეს, როდესაც მათი “მომსახურების” საჭიროება მთლიანად მოიხსნა, როდესაც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს თვითონ შეუძლიათ დიალოგის დაწყება, რომელსაც მათი შუამავლური ფეხებში გაბლანდვა მხოლოდ გაართულებს და თავიდანვე სახელს გაუტეხს, მნიშვნელოვანია ამ თვითმარქვიების ლუსტრაციის დაწყება რამდენიმე მიზეზით, კერძოდ:

1. თუკი ადრე რუსეთის ხელისუფლება მოწყალედ უყურებდა და თვალს ხუჭავდა ქართველი კომბინატორების ოინებზე (“არამზადები, მაგრამ ჩვენი არამზადები!”), დღეს ხალხთა მეგობრობის აღდგენის საქმეში მათი დამსახურების შესახებ ზღაპრების ცოტას თუ სჯერა. მეტიც, ჩვენმა უიღბლო კომბინატორებმა არ გაითვალისწინეს, რომ ყველა მათი უწინდელი მჭიდრო კონტაქტი სააკაშვილთან და მის ძალოვანებთან, ფინანსური ხარკი ნაცანალურ ხელისუფლებას და უაღრესად საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობა, საიდუმლო ხელწერილები თანამშრომლობაზე და ოფიციალური თანამდებობები შსს-ში, აგრეთვე მიშიკო სააკაშვილის და ვანეჩკა მერაბიშვილისადმი სიყვარულში და მეგობრობის წყურვილში საჯაროდ გამოტყდომა მხოლოდ ქართველ ჟურნალისტებთან კი არ ინახება, არამედ რუსეთის კომპეტენტური სტრუქტურებისთვისაც ცნობილია.

2. ეს საქართველოს მთელმა პოლიტისტებლიშმენტმაც უნდა გაითვალისწინოს - პოლიტიკოსებმა, ე.წ. პოლიტოლოგებმა და პოლიტმედიამ, რომლებმაც 10 წლის შემდეგ დღეს თანდათან ანტირუსულიდან პრორუსულად გადაქცევა დაიწყეს. იმიტომ, რომ ამჯერად, როცა ისევ გაისმის სადღეგრძელოები ამ პოლიტიკანების მსგავსად პატიოსნებადაკარგული ბუბა კიკაბიძის შესრულებით (რისთვისაც რუსები მყისვე აპატიებენ სულმოკლეობას), ქართველი ხალხის ისევ მოტყუების უფლება უკვე აღარავის მიეცემა!

3. რუსეთ-საქართველოს დიალოგის აღდგენის ტრენდის დისკრედიტაციის ყველა მცდელობა, ამ პროცესში საოცრად დაბალი გონებრივი შესაძლებლობებით და ინტელექტით გამორჩეული  საეჭვო პიროვნებების ჩანერგვის გზით, ასევე ჩაფლავდება - მათი ჩამნერგავების და სპონსორების სამარცხვინოდ, რაც უნდა გაითვალისწინოს ზოგიერთმა მოსკოვსა და თბილისში.

ახლა კი - საქინფორმის მიერ დაპირებული სამხრეთ რეგიონის ახალი ამბების პორტალის პუბლიკაცია:

"2014 წლის თებერვლის დასაწყისში რფ-ის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა რფ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოს ხალხების ასამბლეის" (სხა) ლიკვიდაცია  მოახდინა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევების გამო, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსის დაკარგვის გამო. სხა-ს წარმომადგენელი მაშინ იუწყებოდა, რომ ორგანიზაცია ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ნებაყოფლობით ლიკვიდაციას აპირებდა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოუფხვრელობის გამო, თუმცა, რიგი მიზეზებით, ეს არ გააკეთა. ამიტომაც ახლა სასამართლოს გზით ლიკვიდაციის წინააღმდეგი არ არის.

თუმცა სულ რამდენიმე დღის შემდეგ მასობრივი ინფორმაციის ქართულ საშუალებებში გავრცელდა სხა-ს პრეზიდენტის გოჩა ძასოხოვის განცხადება, რომელშიც მან მომხდარი "იურიდიულ კაზუსად" მოიხსენია და პირობა დადო, რომ მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია სულ მალე მუშაობას უშუალოდ საქართველოში დაიწყებს და მრავალ ახალ პროექტს განახორციელებს.

ძასოხოვის სახელით წარმოდგენილ პრეს-რელიზში ასეთებს შორის ჩამოთვლილი იყო 2014 წელს ასამბლეის კონგრესის ჩატარება, გამარჯვაბის დღის - 9 მაისისათვის კინოფილმ "ჯარისკაცის მამის" ჩვენება, რუსული ენის პოპულარიზაცია და საქართველოში რუსული სკოლების რიცხვის გაზრდა.

"გვინდა დიდი მადლობა მოვახსენოთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სტრუქტურებს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისათვის რთულ პერიოდში საშუალება მისცეს ჩვენს ორგანიზაციას ემუშავა და სამშვიდობო პროექტები განეხორციელებინა. ჩვენ ურთულეს პირობებში ვასრულებდით დასახულ ამოცანებს. ბევრი რამის გაკეთება შევძელით", - მოტანილი იყო გოჩა ძასოხოვის სიტყვები.

თუმცა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს სრულიად სხვა შეხედულება აქვთ ბატონი ძასოხოვის და მისი ორგანიზაციის მიზნებისა და მეთოდების შესახებ რფ-ის ტერიტორიაზე, სადაც ის ფორმალურად 2009 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა.

თავად გოჩა ძასოხოვი ცოტა უფრო ადრე - 2008 წლის აგვისტოში გადავიდა მოსკოვში, მას შემდეგ, რაც საქართველოში მისი საქმიანობის გამოძიება სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს. მსხვილი მასშტაბით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისა და დატაცებისათვის ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული საზოგადოება "დინამოს" ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარეს 13,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ისარგებლა რა იმით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იმ მომენტში ყველაზე უფრო უარეს ფაზაში იყო, ძასოხოვმა თავი საქართველოს ხელისუფლების და პირადად მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად გამოაცხადა. მაშინ ასეთები მართლაც ბევრი იყო, ამიტომ რუსეთში მას მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინეს. მეტიც, შერისხულის ყალბი გვირგვინის გამოყენებით ძასოხოვმა მოახერხა რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში ადგილის მიღება და სახელმწიფო დუმაშიც კი იყარა კენჭი.

თუმცა მალე ძასოხოვი და მისი სხა უკვე რუსეთის სამართალდამცავების მხედველობის არეში მოხვდნენ. გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ სხა პრაქტიკულად საერთოდ არ ეწეოდა გაცხადებულ საზოგადოებრივ საქმიანობას. ამას დამაჯერებლად მოწმობს მისი ოფისის ჩხრეკისას ამოღებული დოკუმენტები. ხმამაღალი სახელის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციის და მასთან აფილირებული მრავალი ბიზნეს-სტრუქტურის მოღვაწეობის ძირითადი სახეობები გახლდათ საეჭვო "საკრედიტო ისტორიის" მქონე საქართველოდან ჩამოსული პირებისათვის უკანონო სამსახურის გაწევა რფ-ში ლეგალიზაციის მიზნით და მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ქართული ბიზნესის ნაწილის მფარველობა - რეიდერობის და გამოძალვის ჩათვლით.

მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის - სხა-ს ოფისის ჩხრეკისას გამომძიებლებმა ბევრი საინტერესო დოკუმენტი აღმოაჩინეს. მაგალითად, მავანი პროექტის "პროგრამა 3G"-ის დეტალური აღწერა. დოკუმენტის თანახმად, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მრავლად დამკვიდრდნენ რუსეთში, ვალდებულებას იღებდნენ ყველანაირად წამოეწიათ ხელისუფლებაში ყველა დონეზე "თავისი ხალხი" (გავიხსენოთ თავად ძასოხოვი რფ-ის საზოგადოებრივ პალატაში და მისი მცდელობა, არჩეული ყოფილიყო რუსეთის პარლამენტში), ჩანერგილიყვნენ ეკონომიკაში, შეეძინათ “გამოკვებილი” ხალხი სამართალდამცავ ორგანოებში. როგორც გესმით, ეს უკვე საკუთრების ბანალური გადანაწილება არ გახლავთ, ეს გაცილებით უარესია.

ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ ასეთ გარემოებას. საქმე ის არის, რომ გოჩას ღვიძლი ძმა, რიჩარდი, სასჯელს იხდის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობისათვის, რომელიც მან მოსკოვში ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ძმა ძმის საქციელზე პასუხს არ აგებს, მაგრამ ყველაფერი რაღაც საეჭვოდ მიეწყო ერთმანეთს!

და ასეთი სხა და ამგვარი ძასოხოვი თითო ეგზემპლარად რომ იყოს, კიდევ არაფერი... მაგრამ არა - ქართულმა მაფიამ რუსეთის ტერიტორიაზე მსგავსი სტრუქტურების მთელი ქსელი შექმნა!

აი, მეორე მაგალითი: “რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველოს სახელით”. მას სათავეში უდგას მინდია გულუა - “უფლებამოსილი შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში”. ძასოხოვისაგან განსხვავებით, ბატონ გულუას შექმნილი ორგანიზაციის საქმიანობის ფორმალურ მხარეზე თავის მტვრევა არ დაუწყია. ოსტაპ ბენდერი თავისი განთქმული კანტორით “რქები და ჩლიქები”, გულუასთან შედარებით, ნამდვილი ბავშვია.

ისტორია მოკლედ ასეთია: მინდია გულუას იურისტებმა დოკუმენტები მოამზადეს “რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველოს სახელით” რეგისტრაციისათვის, თუმცა რფ-ის იუსტიციის სამინისტრომ ამაზე უარი უთხრა. მაგრამ ამან გულუა ოდნავაც არ შეაშფოთა - იურიდიულად არარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მაგვარად ის ქმნის “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განმტკიცებისთვის ხელშეწყობის ფონდს “საქართველოს სახელით”. ფონდის დამფუძნებელთა რიცხვში მას ავტომატურად შეჰყავს იგივე ხალხი, ვინც ადრე “რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის...” შექმნაში ჩართო იმავე სახელწოდებით, ისე, რომ ამის შესახებ ყოველი მათგანის საქმის კურსში ჩაყენებაც კი საჭიროდ არ მიუჩნევია. შემდეგ კიდევ რამდენიმე ანალოგიური ფიქტიური სტრუქტურა გამოჩნდა...

და აი, ჩვენ წინაშე უკვე სოლიდური კომერსანტი და გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც სათავეში უდგას განშტოებულ საზოგადოებრივ-კომერციულ სტრუქტურას, დაუღალავად რომ იღვწის რუსეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცებისათვის.

სინამდვილეში კი რა ხდება? ჩვეულებრივი თაღლითი, რომელიც თავის კრიმინალურ საქმიანობას მკაფიო აბრებით ფარავდა - მართლაცდა, ვინ ამოიღებს ხმას რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობის წინააღმდეგ?!

იმავე გზით წავიდნენ “ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ხელშეწყობის რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ანტიტერორისტული ცენტრის” შემქმნელებიც. სათანადოდ უნდა დავაფასოთ მისი შემქმნელი, ვაჟა შიშნიაშვილი, რომელიც ოსტატურად უქმნიდა იმიჯს საკუთარ თავსაც და თავის პირმშოსაც. თუმცა, ცენტრი არანაირ ანტიტერორისტულ საქმიანობას არ ეწეოდა. რუსეთის პოლიტიკური და სამეურნეო ისტებლიშმენტის უმაღლეს ეშელონებში პირადი კავშირების გამოყენებით ბატონი შიშნიაშვილი იმით იყო დაკავებული, რომ საჭირო თანამდებობებზე საჭირო ხალხი გაჰყავდა, ლობირებდა კომერციული სტრუქტურების ინტერესებს, რომელთა წარმატებაში დაინტერესებული იყო. რა თქმა უნდა, ბანალური “დიდი მადლობის” გულისთვის არა. 2013 წლის ნოემბერში შიშნიაშვილი და მისი რამდენიმე თანამოსაქმე ქრთამის აღების მომენტში დააპატიმრეს.

როგორც ცნობილია, ერთი შემთხვევა - შემთხვევაა, ორი - დამთხვევა, სამი - უკვე კანონზომიერებაა. ამიტომ ჩვენ შემთხვევით არ მოგვიყვანია მაგალითად ქართველი ოსტაპ ბენდერების კრიმინალური საქმიანობის სამი შემთხვევა, თუმცა ასეთები რუსეთში ათეულობითაა, თუ ასეულობით არა, უბრალოდ, მასშტაბებია განსხვავებული.

თავიანთი ანგარებიანი მიზნებისთვის ქართველი თაღლითები იყენებენ რუსეთისა და საქართველოს ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, და, ასევე, ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ამიერკავკასიის ამ ქვეყნის მცხოვრებლებისადმი (როგორც პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების, ისე ბიზნესმენებისადმი), რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სააკაშვილისა და მისი ხელქვეითებისგან.

კრიმინალი, ამ შემთხვევაში ქართული, ნებისმიერი ხვრელის გამოყენებას ცდილობს, რათა რუსეთის სახელისუფლო სტრუქტურების რიგებში რაც შეიძლება დიდი ადგილი დაისაკუთროს.

და ამან არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს”.

ნიკოლაი მუკსუნოვი
(გაგრძელება აუცილებლად იქნება)