თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 27 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გაამართლა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. თუმცა, მას ბრალი არ დაუმტკიცდა. სამაგიეროდ, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ სცნო დავით კეზერაშვილის სიძე
მეირ ჯანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე - ტელეკომპანია "იმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. ასევე, დავით კეზერაშვილს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.