საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. უკრაინაში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა შეინიშნება. ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოსკოვის მე-3 კონფერენციაზე რფ-ის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისი თქმით, უწინ ამ სცენარის რეალიზების მცდელობები „დსთ-ის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შეინიშნებოდა“. „უახლოეს წარსულში ესენი იყვნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები და საქართველო. ახლა კი ჯერი უკრაინაზეა“, - აღნიშნა მან.„გარე ძალების აქტიური მონაწილეობით ხელისუფლებიდან მოქმედი პრეზიდენტის იძულებითი ჩამოშორების შემდეგ ქვეყანა, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომამდე მივიდა. დაძაბულობის ახალი კერის შექმნა ნეგატიურად აისახა საყოველთაო უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა, რომლის განცხადებითაც, „ფერადი რევოლუციის“ რეალიზაციის სქემა უნივერსალურია: „სამხედრო ზეწოლა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა, სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორების ცვლილება“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ფერად რევოლუციებს“ მუდამ თან სდევს საინფორმაციო ომი და სპეცდანიშნულების ძალების გამოყენება, რაც შეიარაღებული ბრძოლის ფორმებს იღებს.
შოიგუს თქმით, დღეს ევროპაში დაძაბულობის ხელოვნური კერაა შექმნილი, რაც ნეგატიურად მოქმედებს გლობალურ უსაფრთხოებაზე. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ვენესუელაშიც. „სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ „ფერადი რევოლუციების“ შედეგები ხშირად არსობრივად განსხვავდება მათი ორგანიზატორების ჩანაფიქრისგან“, - აღნიშნა მან.