კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა
წუხელ, გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი "BMW"-ს მარკის ავტომანქანა ჯერ ხეს, შემდეგ კი ავტობუსს შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მგზავრი კი - სამედიცინო პუნქტში გადაყვანამდე.
ავარიის დროს სხეულის დაზიანებები მიიღო ავტობუსის მძღოლმაც, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ავარიის შედეგად, ავტობუსის გარდა, კიდევ ორი ავტომანქანა დაზიანდა.
კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. "ჯიპის" მარკის ავტომანქანა "გოლფს" შეეჯახა. შედეგად "ჯიპის" მგზავრები და "გოლფის" მძღოლი დაშავდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა სახელდება.