უცხოეთი
ხოდორკოვსკი: ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სახიფათოა

1xodorkovski-zarub-1საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. მიხაილ ხოდორკოვსკი დასავლეთის ქვეყნებს მოსკოვის მიმართ შემდგომ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს და ხაზს უსვამს მის როლს უკრაინის კრიზისში. რუსეთში უდიდესი ნავთობკომპანიის ყოფილი მფლობელი, შემდგომში კი პატიმარი მიხაილ ხოდორკოვსკი “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპა, ცდილობს რა რუსეთის იზოლირებას, ნაციონალისტების წისქვილზე წყლის დასხმას რისკავს. ხოდორკოვსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, სასწრაფოდ დაეხმაროს უკრაინას სტაბილურობის მიღწევაში, რადგან ამას, მისი აზრით, შეუძლია ცვლილებები გამოიწვიოს მეზობელ ქვეყანაშიც.

ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლების ოპონენტი გახდა 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენად მიიჩნეოდა. თუმცა, კრემლისგან შერისხული აღმოჩნდა და თაღლითობისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით 10 წელი ციხეში გაატარა.

იგი გასული წლის ბოლოს გათავისუფლდა და საზღვარგარეთ გადასახლდა. თუმცა, მუდმივად გამოხატავს ინტერესს უკრაინის მოვლენებისადმი, ჩადიოდა კიდეც იქ და სიტყვითაც გამოდიოდა.

“ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში ხოდორკოვსკიმ უკრაინაში მომხდარი მდოვრედ მიმდინარე სამოქალაქო ომად შეაფასა. როგორ განვითრდება ის შემდგომში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, რუსეთზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.

თუმცა ხოდორკოვსკის მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანას გეგმავს.

პუტინმა „კონტროლი დაკარგა“ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, - განაცხადა მან და გაიხსენა კრემლის ამასწინანდელი წარუმატებელი მცდელობა, შეეჩერებინა პრორუსული სეპარატისტების რეფერენდუმი დონეცკსა და ლუგანსკში.

„რუსეთში არსებობენ სხვა ძალები, რომლებსაც ესმით ამჟამინდელი სიტუაციის სახიფათოობა, - მიაჩნია ხოდორკოვსკის, - ვფიქრობ, რომ ეს საფთხე პუტინსაც ესმის, რადგან დონბასის მიერთება რუსეთთან ძალზე საშიში ნაბიჯია“.

თუმცაღა, მისი თქმით, ევროპის რეაქცია უკრაინის მოვლენებზე რუსეთში ნაციონალისტური გრძნობების გამწვავების საფრთხეს შეიცავს, რომლებიც ისედაც გაღვივებულია ყირიმის ანექსიის გამო.

ხოდორკოვსკის მიაჩნია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მოსკოვის მიმართ შემდგომი სანქციების შემოღებისგან თავი უნდა შეიკავონ და მთელი ძალისხმევა კიევში პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართონ.