აქტუალური
აშშ-ის სამხედროებმა წვრთნის დროს ბირთვული იარაღის გატაცების თავიდან აცილება ვერ შეძლეს
1voennie-akt-2საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ამერიკელმა სამხედროებმა საზაფხულო წვრთნის დროს 2013 წელს ვერ შეძლეს მოეგერიებინათ დაგეგმილი შეტევა ბუნკერზე, რომელშიც ბირთვული იარაღი ინახებოდა. წვრთნის დროს ამერიკელი სამხედროების მიერ დაშვებულმა შეცდომამ, რომლის შესახებ თითქმის ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი, აიძულა მონტანას შტატში სამხედრო ბაზაზე შემოწმება ჩაეტარებინათ, - გადმოსცემს Associated Press. წვრთნის სცენარი შეიარაღებული ადამიანების მიერ სარაკეტო-ბირთვული ბუნკერის დაკავებას გულისხმობდა. თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მიტაცებულ იარაღზე კონტროლის დაბრუნება ვერ შეძლეს. წვრთნის ჩავარდნა ერთ-ერთი რგოლი გახდა იმ პრობლემების ჯაჭვში, რომლებიც აშშ-ის სარაკეტო-ბირთვული უსაფრთხოების სისტემაში ბოლო წლის განმავლობაში გამოვლინდა. შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც ბირთვული შეიარაღების უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს, უხეირო ხელმძღვანელობის, ჩავარდნილი წვრთნების, ასევე დისციპლინის და მორალური პრობლემები აწუხებთ, - ამტკიცებს სააგენტო. უფრო ადრე წელს თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა ბირთვული უსაფრთხოების სისტემის ორი პარალელური შემოწმების ჩატარება დაავალა. ის შეშფოთებულია იმით, რომ მსგავს შეცდომებს ბირთვული შეტევებისაგან ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვა შეუძლია. შეგახსენებთ, უფრო ადრე აშშ-მა, ირანის მხრიდან შესაძლო სარაკეტო შეტევისაგან თავდაცვის საბაბით, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის და მისი ელემენტების რუსეთის საზღვრებთან განთავსების გეგმების შესახებ განაცხადა. მოსკოვს მიაჩნია, რომ ეს გეგმები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ბირთვული შეკავების სტრატეგიული ძალების ბალანსს არღვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა ადრე განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონის მხრიდან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ზოგიერთი ელემენტის განვითარებაზე მუშაობის გააქტიურება შენიშნა. აპრილის დასაწყისში პენტაგონმა უკრაინის სიტუაციის გამო რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხების განხილვის შეჩერების შესახებ განაცხადა. აშშ-სთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ დიალოგის წინსვლა შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობის რიგ ასპექტებში ვაშინგტონის პოზიციის გამკაცრების შემდეგ, - მიაჩნია რიაბკოვს.