კობახიძე: „ჩვენს დაშინებას შსს-სთან დაახლოებული პირი ცდილობს“
თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორმა ენრი კობახიძემ 14 ნოემბერს მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გამართა.
კობახიძის განცხადებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის დაშინებას შს სამინისტროსთან დაახლოებული გელა ჭვრიტიძე ცდილობს.
„14 ნოემბერს, გელა ჭვრიტიძემ, რომელიც მანამდე სპეცრაზმის ოფიცრად გამეცნო, ნათესავის ქორწილში ყოფნის დროს საჯაროდ რამდენჯერმე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მის პროვოკაციას არ წამოვეგე, რის შემდეგაც მისი ჯგუფიდან ერთ-ერთმა წელზე დანა დამისვა და დამჭრა. ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, ჭვრიტიძე ჩემს გადაბირებას ცდილობდა“, - აღნიშნა ენრი კობახიძემ.
კობახიძეზე თავდასხმის ფაქტზე შს თელავის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.