25 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციის უმრავლესობა ემიჯნება
,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’ 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ კრების წევრებს ლოკომოტივის სტადიონის და სპორტის სასახლის დათმობაზე უარი უთხრა.
საქინფორმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ერთი შეკითხვით მიმართა: აპირებენ თუ არა ისინი აქციას შეუერთდნენ? აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს მიზეზი, რომ 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე არ გავიდეს.
,,ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი: „ ჩვენი პარტია აპირებს მონაწილეობის მიღებას აქციაში, თუმცა არ აპირებს აქციის მსვლელობაზე და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას. 25 ნოემბერი იქნება ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყისი და გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.“
,,ქართული პარტიის’’ ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი: ,, ამ ეტაპზე სხვა საქმეები გვაინტერესებს. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევ პარტიის პრესამსახურის უფროსს ნინო ძაგნიძეს დაუკავშირდეთ.“
ნინო ძაგნიძე, ,,ქართული პარტიის’’ პრესსამსახურის უფროსი: ,,ქართული პარტია’’ 26 ნოემბერს ყრილობის გამართვას გეგმავს, ამიტომ პარტიაში ახლა ამ საკითხებით არიან დაკავებულები’’.
მანანა ნაჭყებია ,,ახალი მემარჯვენეების’’ ერთ–ერთი ლიდერი: ,, არ გვაქვს სურვილი სხვის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. ვფიქრობ, რომ ამგვარი შეკრება ამ დროისთვის ნაადრევია. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვიქნებით პასუხისმგებელი, რასაც ჩვენი პარტია თავად დაგეგმავს’’.
ზვიად ძიძიგური ,,კონსერვატიული პარტიის’’ ლიდერი: „ჯერ არ ვიცით რას გავაკეთებთ ამ დღეს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ.“
დავით უსუფაშვილი, ,,რესპუბლიკური პარტიის’’ ლიდერი: ,,არ ვაპირებთ 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მივიღოთ. გარდა ამისა, ჩვენ ამ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობით ვართ დაკავებულები. ჟურნალისტები ხართ მოცლილები და თქვენ მიხვალთ პარლამენტის წინ 25-ში ალბათ’’.
გიორგი გუგავა ,,ლეიბორისტული პარტიის’’ პოლიტიკური მდივანი: ,, ჩვენ მივესალმებით სახალხო კრების მიერ გამართულ აქციას, თუმცა პარლამენტთან არ მივალთ. საზოგადოების ამგვარი ფართო აქტიურობა ყოველთვის მისასალმებელია. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, თუმცა რატომ არ ვიქნებით 25–ში პარლამენტის წინ - ამ საკითხზე ჩვენ პრესკონფერენციას ჩავატარებთ და შეგიძლიათ მობრძანდეთ. “
პეტრე მამრაძე ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ერთ–ერთი ლიდერი: “ფუჭი მიტინგების მონაწილე არასოდეს იქნება ჩვენი პარტია. ვაფრთხილებთ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომ არ იქნება ეს შედეგის მომტანი. შეიკრიბება ხალხი და მერე?! მერე არ იციან რა იქნება. აი, როცა ეცოდინებათ რა იქნება მერე, ეს უკვე იქნება რაღაც წარმატების გარანტი. ჩვენ 2009 წლის აპრილის აქციების დროსაც ვაფრთხილებდით ოპოზიცას, რომ არ იქნებოდა შედეგის მომტანი კარვები და საკნები ქუჩებში, მაგრამ არ დაგვიჯერეს.’’
რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს, პარტიის ლიდერები „მომსახურების ზონიდან არიან გასულები“ – ასე პასუხობდა ავტომოპასუხე მათ გათიშულ მობილურ ტელეფონებზე დარეკვისას. იქნებიან თუ არა კახა შარტავას გუნდის წევრები 25 ნოემბრის მოვლენების დროსაც „მიუწვდომელები“ – საქინფორმისთვის ჯერჯერობით უცნობია.
მარტო ნინო ბურჯანაძის პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო’’ და მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო’’, რომლის ახალი ლიდერი პოეტი დავით მაღრაძეა, საპროტესტო აქციას შეურთდებიან.