საზოგადოება
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა.
„საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვცდილობთ უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ურთიერთობის ნორმალიზაციას. ჩვენ დავდეთ ძალის არგამოყენების პირობა დეოკუპაციის გზების მოძიების პროცესში და წარმოვადგენთ კონსტრუქციულ მხარეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, საქართველო ახორციელებს პრაგმატულ თანამშრომლობას რუსეთთან, რომლის შედეგადაც განახლდა ვაჭრობა, შემოღებულია უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეთათვის. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლის გამძაფრების მცდელობებს ელის.
„მიუხედავად ჩემი მთავრობის პროგრესული და მშვიდობიანი მცდელობებისა, მოსკოვი განაგრძობს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მავთულხლართის ინსტალაციის ჩათვლით. ჩვენ მოველით რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გამძაფრების მცდელობებს, რადგანაც რუსეთი უარს აცხადებს შეუერთდეს საქართველოს მიერ დადებულ პირობას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვარწმუნებთ ევროკავშირს, რომ საქართველო არ შედრკება ამ ზეწოლის ქვეშ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.