საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს“

1podpisat-saz-2საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. ამის შესახებ მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

„მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, ხელი მოაწეროს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე. ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება, რომლის ხელის მოწერაც არის სტრატეგიული საქართველოსთვის. შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის თაობაზე აუცილებლად ჩატარდება კონსულტაციები და ისიც შემიძლია დავაფიქსირო, რომ ჩემთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ მოაწეროს ხელი. ჩემთვის არ არის მართლა პრინციპული და მე ამ საკითხს არ გამოვედავები, თუ იქნება პოზიცია, რომ ხელი მოაწეროს რომელიმე სხვა ლეგიტიმურმა პირმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელ პროცესებს. შესაბამისად, მგონია, რომ უპრიანია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური აწერს ხელს, თუმცა ლეგიტიმურია, რომ სხვა პირმაც მოაწეროს ხელი", – განაცხადა მარგველაშვილმა.