საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრით დაიწყო
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვესტერლოს სასახლეში პრინცმა მეროდემ უმასპინძლა. შეხვედრას ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.ვესტერლოს სასახლეში მიღებაზე იმყოფებოდა პრინცი ხუან ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად.ირაკლი ღარიბაშვილმა ვესტერლოს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრინც მეროდეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის საპატიო და სასიხარულოა ასეთი წარჩინებული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ნება მომეცით, მადლობა მოვახსენო პრინცსა და მის ოჯახს სტუმართმოყვარეობისა და დღეს მათ ულამაზეს სახლში თბილი მასპინძლობისათვის. დღეს ყურადღებას სამ ძირითად საკითხზე გავამახვილებ. პირველი ეხება ქვეყნის საშინაო მდგომარეობას, ანუ იმას, თუ რა გააკეთა ჩემმა მთავრობამ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ასევე გაგაცნობთ ჩვენს სამომავლო გეგმებს. შემდეგ მოგითხრობთ, როგორ ემზადება საქართველო ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისათვის. და ბოლოს, მოკლედ შევაჯამებ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბევრ გამოწვევას, რომელთა წინაშეც დგას საქართველო არასტაბილური საერთაშორისო სიტუაციის პირობებში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის დემოკრატიული რეფორმების ერთგულება, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ.“ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები, და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები. ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ საკვანძო პოლიტიკური, საკონსტიტუციო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.