უცხოეთი
უკრაინის კრიზისზე მსჯელობისას წამყვანი დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა იგი რუსეთს სერიოზულ საფრთხედ აშშ-სთვის, რაზეც გეიტსმა მიუგო: „ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული საფრთხე აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის მოცემულ მომენტში ორი კვადრატული მილიდან მომდინარეობს, სადაც თეთრი სახლი და კაპიტოლიუმია განთავსებული“.
ექს-მინისტრმა განმარტა, რომ მხედველობაში აქვს ბოლო წლებში ამერიკულ პოლიტიკაში არსებული სიტუაცია, როცა კომპრომისების ძიება ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით ჩიხში ექცევა, გადაწყვეტილებების მიღება კი თვეობით ჭიანურდება დემოკრატ ბარაქ ობამას ადმინისტრაციასა და რესპუბლიკელებს შორის მუდმივი უთანხმოებების გამო.
უკრაინაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით გეიტსმა აღნიშნა: „აშშ-ს უკიდურესად მცირე ტაქტიკური ვარიანტები აქვს. სამხედრო ჩარევის სცენარი გამორიცხულია. მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმეს გაკეთება რთულია. თუ რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში ხანგრძლივვადიანი სტრატეგია აქვს, მაშინ ის აშშ-საც უნდა ჰქონდეს“.