აქტუალური
დაიწყო პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბელგიის სამეფოში

1-V-belgii-aqtual-3საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფო ეწვია.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრას გამართავს  ევროკომისიის პრეზიდენტთან. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ოზე მანუელ ბაროზ მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან. საქართველოს დელეგაციის წევრები ევროკომისიის წარმომადგენლებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის თითოეული უწყების მიერ შესრულებულ სამუშაოებს გააცნობენ.

იგეგმება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა.

ევროკავშირის ინიციატივის – "აღმოსავლეთის პარტნიორობის" (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი - ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB),  რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან” - DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებული არიან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან. CIB-ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა.დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020 წ.წ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს ჰარვარდის კლუბის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დასასრულს ბელგიის სამეფოს ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

საქართველოს დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.